18 ივნისი 2026,   08:57
ვრცლად
"ეს ბოროტებაა, საშინელი სანახავი იყო, ამაში დემოკრატიული არაფერი ყოფილა" - რას ფიქრობენ დანიის მოქალაქეები კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე

კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენები - "კურიერის" გადამღები ჯგუფი დანიაშია, ზუსტად იქ, სადაც პოლიციამ ხალხზე იძალადა. მომიტინგეებს ჯერ სცემა, შემდეგ კი ძირს დავარდნილ მოქალაქეებთან გაწვრთნილი ძაღლები მიუშვა. მშვიდობიანი დემონსტრაციის ბრუტალური დარბევა. კოპენჰაგენში მომხდარმა თბილისიდან შეფასება უკვე მიიღო. რას ფიქრობენ დანიელები მათსავე დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირიდან ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხოდ მხოლოდ დუმილი ისმის. კითხვებზე პასუხის გაცემას უკვე 10 დღეა თავს არიდებს როგორც დანიის ხელისუფლება, ასევე დასავლური ბიუროკრატია.

სიტყვის თავისუფლების ჩახშობა, რომელსაც არავინ გმობს და ძალადობა, რომელზეც რეზოლუციები არ მზადდება. "კურიერის" კორესპონდენტმა კოპენჰაგენში, იმ ხალხის აზრი მოისმინა, რომელსაც სათქმელი ბევრი აქვს, თუმცა მეინსტრიმ მედია მათთვის არ იცლის.

როგორ მუშაობს ევროპული დემოკრატია პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ ნაწილში, საიდანაც სხვა ქვეყანაში მომხდარს გმობენ, თუმცა მათსავე სახელმწიფოში განვითარებულზე არაფერს ამბობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა "კურიერის" კამერასთან ღიად საუბრობს, რომ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი აქცია სასტიკი მეთოდებით დაარბიეს, მთავრობას კი მომხდარზე რეაგირებაც კი არ ჰქონია

"ეს სასტიკი ძალადობაა და ის შემთხვევითი არ არის. პოლიციის მხრიდან მსგავსი მოპყრობა მუდმივად ხდება. ამაზე არც მთავრობას ჰქონია რეაგირება. როდესაც ახალგაზრდა თაობა რაღაცას გეუბნება, უნდა მოუსმინო და არ უნდა იძალადო. ეს დაუშვებელია". 

ძალოვნების ქმედებებს მიუღებლად მიიჩნევენ კოპენჰაგენში მცხოვრებლები, ამბობენ რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა პროტესტის უფლება ყველას აქვს.

"კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც თავს ესხმის მშვიდობიან დემონსტრანტებს. ყველას აქვს პროტესტის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს დგახარ. ეს არ არის დემოკრატია. პოლიციამ რეაგირება მაშინ უნდა მოახდინოს, როდესაც პროცესი ძალადობრივი ხდება და არა მაშინ, როცა ხალხი თავს იცავს".

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ კადრებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ ადგილობრივები, ამბობენ, რომ პოლიცია მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებს იცავს და არა ხალხს:

 "ვნახე ეს ვიდეო და შეშფოთებული ვარ იმ აგრესიით, რომელიც პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოიჩინა. ეს არ არის სამართლიანი. პოლიცია იცავს რეჟიმს და არა ხალხს".

დასავლეთის დუმილის ფონზე, კოპენჰაგენის ქუჩებში გამოკითხულები ევროპულ ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ:

"ყველას აქვს პროტესტის უფლება. ის, რასაც ვხედავთ, ძალადობაა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავდნენ. ეს ბოროტებაა, საშინელი სანახავი იყო. ამაში დემოკრატიული არაფერი ყოფილა". 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

 

დღის ამბები