საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ეკატერინე ხუციშვილთან ერთად, სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რეგიონული სასწავლო ტურის მეორე ეტაპი 17 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით გაიმართა.
რეგიონული სასწავლო ტურის მიზანი რეგიონის საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი პრაქტიკული უნარების, კომპეტენციებისა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება იყო, ასევე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ სამუშაო გარემოში ეფექტიანად გამოყენება.
ტურის ფარგლებში სპეციალურმა მასწავლებლებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს თბილისის იმ საჯარო სკოლებში, რომლებსაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება აქვთ.
ტურის მონაწილე 30 სპეციალური მასწავლებელი კონკურსის წესით 75 პრეტენდენტიდან შეირჩა. მათგან უპირატესობა მიენიჭათ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლების, ასევე შედარებით ნაკლები პროფესიული გამოცდილების მქონე იმ სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკული უნარების გასაძლიერებლად დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.