04 აგვისტო 2026,   14:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: "ტიკტოკზე" შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდებთ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს მის სახელსა და გვარს

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოციალურ პლატფორმა "ტიკტოკზე" ცოტნე ივანიშვილის სახელით ყალბი გვერდი შეიქმნა, საიდანაც პროვოკაციული შინაარსის ვიდეოები ვრცელდება და ახალგაზრდებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე იბარებენ.

მმართველი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "ტიკტოკის" მომხმარებლებს მოუწოდებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნულ ანგარიშთან, რომლის გაუქმების მოთხოვნითაც "ტიკტოკის" ადმინისტრაციას ოფიციალური წერილი უკვე გაეგზავნა, დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისთვის კი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

"რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა "ტიკტოკზე" შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით. აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, ამასთანავე ყალბი გვერდიდან ახალგაზრდებს მისდით მესიჯები ცოტნე ივანიშვილის სახელით, თითქოს ის იბარებს ადამიანებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე.

სოციალური პლატფორმა "ტიკტოკის" ადმინისტრაციისთვის გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომ გვერდი არის ყალბი და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. ველოდებით აღნიშნულ წერილზე რეაგირებას და ყალბი გვერდის გაუქმებას - ასევე გვსურს მოვუწოდოთ "ტიკტოკის" მომხმარებლებს, რომ არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს.

დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს." - ვკითხულობთ "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები