ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს საერთო არაფერი აქვს მესამე მხარეებთან ურთიერთობებთან და ის მომავალშიც და ძმური იქნება.
სომხური მედიის ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებები სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო, სომხეთ-ევროპის ურთიერთობების კონტექსტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველო-ევროკავშირს შორის დღევანდელი ურთიერთობის გამო.
"საქართველოსთან დაკავშირებით ნათლად განვაცხადე, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო როლი აქვს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ეს სიტუაცია. მიგვაჩნია, რომ ეს ვითარება უნდა მოგვარდეს", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის განპირობებული სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით.
"სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს საერთო არაფერი აქვს მესამე მხარესთან ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები თავისი არსით არის სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური და ასეთადვე დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იარსებებს", - აღნიშნა ფაშინიანმა.