07 აგვისტო 2026,   05:08
ვრცლად
სიძულვილის ენაზე მონიტორინგი ივნისიდან დაიწყება - რა პრინციპით იმუშავებს ახალი სამმართველო

სიძულვილის ენაზე მონიტორინგი ივნისიდან დაიწყება. ფუნქცია სიძულვილის ენის გამოვლენა და მასზე რეაგირება იქნება, რაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კამპანიების პროაქტიული მონიტორინგით მოხდება.

სამმართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში ამოქმედდება და ინდივიდუალურად შეისწავლის - ლახავს თუ არა ადამიანის ღირსებას, საზოგადოდ გამოხატული კონკრეტული პოზიცია თუ გამონათქვამი. სტანდარტი საქართველოში უკვე არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას დაეფუძნება. ახალი სტრუქტურის საჭიროებასა და მისი მუშაობის სპეციფიკაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, "ღამის კურიერში" ისაუბრა.

როგორ განისაზღვრება სასჯელი - ამას უკვე სასამართლო დაადგენს, რომელსაც მსგავს საქმეებზე ინდივიდუალური მიმართვების საფუძველზე აქამდეც უმსჯელია. მათ შორის იყო ოპოზიციონერი აქტივისტის, ირაკლი მილაძის შემთხვევაც, რომელსაც მერიისა და პოლიციის მისამართით, სოცქსელში გამოყენებული უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო კანონით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. მილაძემ სტრასბურგში იჩივლა, თუმცა ევროსასამართლომ ეროვნული ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დაადასტურა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტის განცხადებები, არა პოლიტიკურ კრიტიკას, არამედ საჯარო მოხელეების დამცირებას და შეურაცხყოფას ემსახურებოდა. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება ჰქონდეს ქვეყნის გარედან დაფინანსებულ სიძულვილის კამპანიაზე, რომელიც ხელოვნურად შექმნილ პოლარიზაციას მეტად აღრმავებს.

საჯარო სივრცეში ძალადობასთან ბრძოლა რომ თანამედროვე სამყაროს სერიოზული გამოწვევაა, ამას ხელისუფლების ოპონენტებიც აღიარებენ , თუმცა ქართულ რეალობაში საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება უჭირთ. ოპოზიცია, ერთი მხრივ, სკეპტიკურად უყურებს ახალი სამმართველოს სამომავლო საქმიანობას, მეორე მხრივ კი ვერ უარყოფს, რომ სტრასბურგის სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობას.

აგრესიული რიტორიკა ცალმხრივად ვერ დარეგულირდება, მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება კი უკვე ინსტიტუციურ დონეზე მოხდება - ძალოვან უწყებაში ახალი სამმართველოს შექმნის აუცილებლობაზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საჭიროა სწორად გაიმიჯნოს სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და სად იწყება სიძულვილის ენა, რომელმაც მისივე თქმით, საქართველოში გარე დაფინანსებით კამპანიური სახე მიიღო.

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ფინეთი და ესპანეთი - ევროპული ქვეყნების უმეტესობა ფუნდამენტური უფლებების, რეპუტაციის, პიროვნული ღირსებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობის მიზანმიმართულ შელახვას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. სოციალურ ქსელებში ჩადენილი ამ ტიპის სამართალდარღვევები კი ხშირად პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. სწორედ საერთაშორისო პრაქტიკის დეტალური კვლევის შედეგად მომზადდა სიძულვილის ენის რეგულირების ინიციატივა.

დღის ამბები