01 აგვისტო 2026,   23:34
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დედა, მამა და 28 წლის შვილი - "კურიერის" ინფორმაციით, ბინიდან დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული მეთადონი ამოიღეს

ოჯახის სამი წევრის დაკავების დეტალები "კურიერისთვის" ცნობილია. ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის დედა, მამა და მათი 28 წლის შვილი აიყვანა.

უკმაყოფილება ნარკოდანაშაულზე დასმულმა კითხვამ გამოიწვია. ოჯახს, რომლის სამი წევრი პოლიციამ სახლიდან ხელბორკილებით გაიყვანა, დაკავების მიზეზებზე საუბარი არ სურს.

ბინიდან "კურიერის" ინფორმაციით დაფასოებული და გასაყიდად გამზადებული მეთადონი ამოიღეს. ირკვევა, რომ ოჯახის სამივე წევრი ჯგუფურად მოქმედებდა. მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია კიდევ 9 პირი და აღკვეთილია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ფაქტები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ბინების გარდა სამალავებიდანაც ამოიღეს. ასეთი ადგილები სამართალდამცველებს დაკავებულებმა თავად უჩვენეს, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი.

ერთ კილოგრამამდე "მეფედრონი", "კეტამინი", "მდმა", "მეთადონი", "ალფა პვპ", "პსილოცინის" შემცველი სოკო, "მორფინის" შემცველი აბები, "პრეგაბალინი", "ჰაშიში", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და "მარიხუანა" - ჩამოთვლილი ნარკოტიკული საშუალებები სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

კურიერის ინფორმაციით, დაკავებულების უმეტესობა ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა, ნარკოტიკს ტოვებდნენ სამალავში და კლიენტს სამალავის ფოტოს მობილურით უგზავნიდნენ.

ე.წ. დამდებებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოდანაშაულში ჩართული პირების ნაწილი ნარკოტიკს საზღვარგარეთიდან ყიდულობდა. ისინი პოლიციამ ნარკოტიკით სავსე ამანათების აღებისთანავე დააკავა. კომპლექსური და ოპერატიული ღონისძიებების დროს სამართალდამცველები კანაფის მოსაყვანი სათბურების კვალზეც გავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდამნაშავეების დასაკავებლად პოლიცია 24-საათიან რეჟიმში, სხვადასხვა მისამართებზე არის მობილიზებული.

დაკავებულების უმეტესობას ანალოგიური დანაშაულისთვის სასჯელი უკვე მოხდილი აქვს.

დღის ამბები