05 აგვისტო 2026,   06:02
ვრცლად
ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენა, სადაც ქართულმა ნაწარმმა დიდი ინტერესი გამოიწვია - პოტენციურმა პარტნიორებმა წალენჯიხაში დამზადებული პროდუქციის შესყიდვის სურვილი უკვე გამოთქვეს

ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა ნაწარმმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შვიდ ქართულ კომპანიას შორის, განსაკუთრებული ყურადღება წალენჯიხის თხილისა და ნუშის საწარმო "ემელ ფუდ ჯორჯიამ" მიიპყრო. პოტენციურმა პარტნიორებმა უკვე გამოთქვეს წალენჯიხაში დამზადებული პროდუქციის შესყიდვის სურვილი.

ამსტერდამის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო ეროვნული პავილიონით წარდგა. ნატურალური წვენები, ღვინო, ჩიფსი და თაფლი - გამოფენის სტუმრები ქართული კომპანიების მიერ დამზადებულ პროდუქტს გაეცნენ. საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა საწარმოები ველინქტონი, აქტო, ბრიცა და ჰობი. ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, ქართული პროდუქცია ადგილზევე დაეგემოვნებინა.

ქართულ კომპანიებს ნიდერლანდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიეცა. პროგრამის მთავარი მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაა. გამოფენას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულიც ესწრებოდა.

ნიდერლანდების საერთაშორისო გამოფენამ მწარმოებლები, დისტრიბუტორები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები გააერთიანა. წელს ამ გლობალურ ღონისძიებაში ასობით კომპანია მონაწილეობდა.

 

ავტორები: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები