პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ორგანიზაცია, International Crisis Group-ის სტატიას ეხმაურება.
მისი შეფასებით, აღნიშნული სტატიის შეფასებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები აბსოლუტური სიმართლე და ჭეშმარიტებაა.
"დამოუკიდებელი ორგანიზაციის შეფასებები და ანალიტიკა ზუსტად თანხვედრაში არის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა და თითოეული განცხადება, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, ინტერესების დაცვაზე, არის აბსოლუტური სიმართლე და ჭეშმარიტება.
როდესაც პოლიტიკისგან დაცლილი შეფასებები კეთდება ხოლმე, ყოველთვის დასტურდება, რომ ჩვენი გუნდი არის სიმართლის მხარეს მდგომი. ხოლო, როდესაც პოლიტიკა შემოდის და მავანს აქვს სურვილი, რომ საკუთარი ხელები აფათუროს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებსა და შიდა პოლიტიკაში, ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომელიც არაერთი მოგვისმენია ევრობიუროკრატიის მხრიდან, თუ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან და ე.წ. ელჩებისგან," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ასევე საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.