დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რუსეთიდან დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. მმართველი გუნდის შეფასებით, გადაწყვეტილება ბრიტანეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
"ეს არის ორმაგ სტანდარტზე მეტი, რაც ხდება ბრიტანეთის დღევანდელი მმართველი რგოლის მხრიდან. გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც თვითონ ვაჭრობენ და ამსუბუქებენ სანქციებს რუსეთის ფედერაციასთან.
არასერიოზული, არასწორი და არასამართლიანი არის დამოკიდებულება, რაც ჰქონდათ და აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, გავაგრძელებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვაჭრობა იყოს დივერსიფიცირებული", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, ლონდონმა სანქციები მოუხსნა რუსული ნედლი ნავთობის იმ პროდუქტებს , რომლებიც მესამე ქვეყნებშია გადამუშავებული. გარდა ამისა, ლონდონმა ლიცენზია გასცა რუსული წარმოების თხევადი ბუნებრივი გაზის საზღვაო ტრანსპორტირებაზეც.