02 აგვისტო 2026,   06:29
ვრცლად
ონკოპაციენტების დაფინანსების პროგრამის შედეგები და გადარჩენილი ადამიანები - თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას განაგრძობს

გამოჯანმრთელების რეალურ შემთხვევებს სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი მკერდის კიბოს შემთხვევების 97% უკვე სრულად განკურნებულია. მკურნალობის პროცესი ინდივიდუალურია, შესაძლოა რამდენიმე თვე ან წელიც გაგრძელდეს და ძვირადღირებული, ინფუზიური პრეპარატებიც გახდეს საჭირო.

"ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება" - ასე ჰქვია პროგრამას, რომლითაც ყველა მოსარგებლე 100%-ით ფინანსდება. მკურნალობის სრული კურსისთვის მერია მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარს გამოყოფს. ბენეფიციარები დაფინანსებით იღებენ თანამედროვე და მაღალეფექტურ მედიკამენტებს, მათ შორის, ჰერცეპტინსა და პერჯეტას.

ამ პროგრამით მოქალაქეები 2017 წლიდან სარგებლობენ და დღემდე, 1 134 პირისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა. მხარდაჭერის მისაღებად, აუცილებელი პირობაა, რომ მოქალაქეს თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტი რეგისტრაცია ჰქონდეს. პროგრამა გრძელდება და 2026 წლის ბიუჯეტში დაახლოებით 7 მილიონ 300 ათას ლარა გამოყოფილი.

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და პრევენცია მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საჭირო მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება ათასობით მოქალაქემ უკვე მიიღო. ამ მიმართულებით მერიაში ხუთი პროგრამა მუშაობს, რომელთა ჩამონათვალიც ეტაპობრივად იზრდება – მიმდინარე თვეს ამ სიას ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაემატა.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები