ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებისგან გადახრა - ასე აფასებს პარლამენტის სპიკერი დანიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ბრუტალური ძალით დაშლას. შალვა პაპუაშვილი იმედს იტოვებს, რომ ევროსტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირები საკუთარ პოზიციას ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილის საპასუხოდ მაინც დააფიქსირებენ. ირაკლი კობახიძემ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტას და რობერტა მეცოლას ოფიციალურად გუშინ მიმართა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე რეაგირება მოსთხოვა. პაპუაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატების დუმილი ადასტურებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა გაერთიანების სადამფუძნებლო პრინციპებს დაშორდა.
ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში დღეს გაიხსენეს, რა რეაქცია ჰქონდათ ევრობიუროკრატებს საქართველოში ძალადობრივი აქციების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის კანონიერ გამოყენებაზე. კოპენჰაგენის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის არამართლზომიერ დარბევას კი ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.
დანიაში აქციების ძალადობრივ დაშლას ქართული ოპოზიცია ვერ უარყოფს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს სკანდინავიური ქვეყნის შიდა საქმეა და მხოლოდ ადგილობრივმა სასამართლომ უნდა განსაჯოს.
ოპოზიციას და მათი ლობისტების ევროპული ფასეულობებისგან აცდენაზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ბრუტალური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპის პოლიტიკური ლიდერების დუმილს ლუსტრაციას უწოდებენ, რომელმაც საგანგაშო ტენდენციები გამოკვეთა.
ევროპის შუაგულში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის დაგმობისკენ ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ ღია წერილით მოუწოდა. დანიაში დემონსტრაციები კომპანია მაერსკის წინააღმდეგ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, უმსხვილესი დანიური ფირმისგან, ისრაელისთვის იარაღის ტრანსპორტირებაზე უარის თქმას ითხოვენ.