8 702 პატიმარი 22 767-ის ნაცვლად - პენიტენციური სამსახური ოპოზიციური ჯგუფების სტატისტიკურ მანიპულაციას ოფიციალური განცხადებით პასუხობს. სასჯელაღსრულების სისტემა განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 22 000-ს გადააჭარბა. უწყების განმარტებით, რეალური მონაცემი თითქმის სამჯერ ნაკლებია, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია საქსტატის მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ოპოზიციური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული აქტივისტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. უწყებაში ამბობენ, რომ ტერმინების - "მსჯავრდებული" და "პატიმარი" - ერთმანეთში აღრევა სტატისტიკური სპეკულაციის საფუძველი გახდა.
პატიმართა რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილიც. საქართველოს პარლამენტი-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართული ჯგუფები რეალური სტატისტიკის დამახინჯებას ცდილობენ და საზოგადოებას სააკაშვილის პერიოდის მონაცემებიც შეახსენა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აღიარებენ, რომ წარსულში პატიმართა უფლებების დარღვევაზე საერთაშორისო ანგარიშები არსებობდა, თუმცა აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ვითარება უფრო მძიმეა.
მმართველ გუნდში კი ოპონენტების განცხადებებს მანიპულაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის მიუხედავად, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რაოდენობა მაინც მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში.
რეალობის შესახებ მცდარი წარმოდგენების თავიდან აცილების მიზნით, პენიტენციური სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, სტატისტიკური მონაცემების გავრცელებისას გადაამოწმონ, რას მოიცავს კონკრეტული ინფორმაცია და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება.