"ამ ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ჩემს კოლეგას, ასევე, გვქონოდა შეხვედრები იმ წრეებთან, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე და გვესაუბრა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. ასევე, გვესაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების რღვევის მხრივ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც საუბრის მთავარი თემა ურთიერთობების გაღრმავება იყო.
"ნათელია, რომ ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი.
სიიანი გახლავთ "აბრეშუმის გზის" საწყისი წერტილი ისტორიულად და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სწორედ როგორც დამაკავშირებელი ჩინეთისა და ევროპის, როგორც ერთ-ერთი მთავარი რგოლი აბრეშუმის გზაზე, არის დაინტერესებული, რომ ჰქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან ჩინეთში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.