28 ნოემბერი 2026,   04:09
ვრცლად
ჩინეთსა და საქართველოს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელმაც უკვე მოიტანა კონკრეტული ეკონომიკური შედეგები - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და "შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოქმედი უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კონკრეტული ეკონომიკური შედეგების მომტანია.

შაანსის პროვინციაში გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც ეკონომიკური განვითარების მისაბაძი მაგალითის როლს. მისი თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთში მსგავსი დონის საპარლამენტო ვიზიტი პირველად გაიმართა, რაც ქვეყნებს შორის გაღრმავებულ ურთიერთობებზე მეტყველებს.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც ორი წლის წინ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიდა. დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელმაც უკვე მოიტანა კონკრეტული ეკონომიკური შედეგები.

სავაჭრო პროდუქციის დაახლოებით 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს ტრანსკასპიური მარშრუტის, ე.წ. "შუა დერეფნის" ნაწილია. ამ გზამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ჩვენს ეკონომიკურ, ისე კულტურულ განვითარებაში. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მასშტაბი დიდ ქვეყნებს ვერ შეედრება, თუმცა არსებობს სფეროები, სადაც მსოფლიოს ბევრის შეთავაზება შეგვიძლია. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს განათლების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შაანსის პროვინციამდე, ქართულმა მხარემ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალი დონის მოლაპარაკებები დედაქალაქ პეკინშიც გამართა.

დღის ამბები