საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პატიმართა რაოდენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მანიპულაციას უწოდებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, როდესაც, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობას უშუალოდ ციხეში მყოფი პატიმრების სტატისტიკად ასაღებენ.
"ვნახეთ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც გაჩაღდა მსჯავრდადებულებთან დაკავშირებით, რაც არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდადებულთა რაოდენობა, რომელშიც შედიან არა მარტო პატიმრები, არამედ ისინიც, ვისაც პირობითი მსჯავრი აქვთ, ვინც პრობაციაზეა და ყველა, ვის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, შეადგენს 22 000-ს. თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8 700. ასე რომ, არანაირი კორელაცია და მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც მხოლოდ პატიმარი ჰყავდა 21 000 და 310 000 საქართველოს მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში - მოსახლეობის 10% "ნაციონალურ მოძრაობას" კრიმინალად ჰყავდა გამოცხადებული.
ასე რომ, ისინი, ვინც სწორედ ამ კრიმინალური რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები არიან, იმის გამო, რომ ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, ასეთ მანიპულაციებს ავრცელებენ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად იყო ჩართული ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია თუ პროპაგანდისტი აქტივისტი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.