28 ნოემბერი 2026,   03:00
ვრცლად
სახელმწიფო ვალდებულია, პოზიტიურად იმოქმედოს იმ მძიმე სენის მიმართ, რასაც ჰქვია შუღლის გაღვივების, შეურაცხყოფის ენა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ და გვესმის - დავით მათიკაშვილი

საზოგადოებრივი სივრცის დაცვა ზიზღის კამპანიებისა და შუღლისგან - შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საჯარო შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებას არ წარმოადგენს, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ შუღლის გაღვივების წინააღმდეგ კანონმდებლობა უკვე არსებობს და ახლა მთავარი მისი ეფექტიანი აღსრულებაა, რასაც ახალი უწყება უზრუნველყოფს.

"სახელმწიფო ვალდებულია, პოზიტიურად იმოქმედოს პროაქტიური ტემპით, იმ მძიმე სენის მიმართ, რასაც ჰქვია შუღლის გაღვივების, შეურაცხყოფის ენა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვხედავთ და გვესმის პარტიების პროპაგანდისტული ტელევიზიების ეთერებიდან, სოცქსელებიდან. კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს, ახლა ჯერია ეფექტურ აღსრულებაზე - სწორედ ამ მექანიზმებს შეიცავს ის სამმართველო, რომელიც შსს-ის იურისდიქციაში შეიქმნება და დამოუკიდებლად იმისა, მიმართავენ თუ არა მას კონკრეტული პირები, ის თვითონ მოახდენს მტკიცებულებების შეგროვებას და შემდგომ რეაგირებისთვის გადაცემას სათანადო ორგანოებზე," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, საქმეში "მილაძე საქართველოს წინააღმდეგ" ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ საჯარო შეურაცხყოფა პოლიტიკური კრიტიკა არ არის, სოციალური ქსელი კი საჯარო სივრცეა - შედეგად, ეროვნული ინსტანციების გადაწყვეტილება და 500-ლარიანი ჯარიმა ძალაში დარჩა.

დღის ამბები