საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.
ევროპული ახალგაზრდული ბარათი ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია ევროპის კონტინენტზე 9.3 მილიონი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის.
თბილისის მერიასა და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ახალგაზრდული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკში.
პროგრამის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა როგორც საქართველოში, ისე ევროპის მასშტაბით, მოგზაურობის, განათლების, კულტურის, სპორტის, გართობისა და სხვა მიმართულებებით.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ევროპის 40 ქვეყანაში. აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება.
ბარათის მფლობელებს სპეციალურ პირობებს სთავაზობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე მუნიციპალური სპორტული და კულტურული ცენტრები. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც, სპეციალური ტარიფები მოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში.
ბარათის მფლობელები სხვადასხვა სერვისზე 5%-დან 40%-მდე შეღავათით სარგებლობენ. ევროპული ახალგაზრდული ბარათის მიღება შეუძლია საქართველოს 18-დან 30 წლამდე მოქალაქეებს.
ბარათის გააქტიურება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკიდან. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეთავაზების სანახავად ხელმისაწვდომია ოფიციალური ვებგვერდი - eyc.ge.