18 ივნისი 2026,   08:57
ვრცლად
დანიაში აქციის მონაწილეების დასარბევად პოლიციამ ხელკეტებთან ერთად გაწვრთნილი ძაღლებიც გამოიყენა - მომხდარზე ოფიციალურ კოპენჰაგენთან ერთად, დუმილს ინარჩუნებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც

დანიაში მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენებიდან 5 დღის შემდეგაც, ოფიციალურ კოპენჰაგენთან ერთად, დუმილს ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოებიც ინარჩუნებენ. სიჩუმეს თბილისი ევროპული ღირებულებების განულებით ხსნის. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ დანიის მაგალითმა ლუსტრაცია მოახდინა, რომ საქართველოს მიმართ ოფიციალური კოპენჰაგენის არაობიექტური დამოკიდებულების მიღმა, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი დგას.

კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების დასარბევად პოლიციამ ხელკეტებთან ერთად გაწვრთნილი ძაღლებიც გამოიყენა. დანია, რომელიც დემოკრატიის სტანდარტს სხვა სახელმწიფოებს უწუნებს, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაშია დადანაშაულებული. ქვეყანა იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც საქართველოში ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებისთვის ეს მიდგომა ორმაგ სტანდარტზე მეტია.

დანიის დედაქალაქში აქციის მონაწილეების დარბევის შემდეგ, "კურიერმა" წერილობით მიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საელჩოს. დიპლომატიურ უწყებას ვკითხეთ - არის თუ არა საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი, როცა ოფიციალური კოპენჰაგენი საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს, თავად კი დემონსტრანტებს გადაჭარბებული ძალით შლის. საელჩომ წერილი ქვეყნის საგარეო უწყებაში გადააგზავნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი კითხვა იუსტიციის სამინისტროში გადაამისამართა. არცერთ უწყებას ამ დრომდე პასუხი არ დაუბრუნებია.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დანიის დედაქალაქში პოლიციის მხრიდან გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს, ნაწილი კი ამ ფაქტს მხოლოდ გადაცდომებს უკავშირებს.

შემაშფოთებელი - ასე აფასებს 13 მაისს კოპენჰაგენში პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების დარბევას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეკრების თავისუფლების და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა საყურადღებო უნდა იყოს ყველგან, იქნება ეს დანია, თუ სხვა სახელმწიფო.

ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები პოლიციამ დანიის დედაქალაქში შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გასულ კვირას გამოიყენა. გადამეტებული ძალის შედეგად არაერთი აქტივისტია დაშავებული 20-ზე მეტი პირი კი დაკავებულია.

დღის ამბები