თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ტრანსპორტის, ურბანული განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები განიხილეს. ცვლილებები შეეხო პარკირების რეგულაციებს, შშმ პირებისთვის სპეციალური ცნობის გაცემის წესს და შეღავათიანი მგზავრობის პირობებს - დაკარგული ან დაზიანებული სამგზავრო ბარათის აღდგენა უფასო გახდა.
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ავარიული შენობების რეაბილიტაციას.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე, აცხადებს, რომ დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
"განვიხილეთ სოციალური მიმართულების თემატიკა, შშმ პირებისთვის იცით, რომ არსებობს გარკვეული შეღავათებით მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მათ აქვთ თავიანთი კუთვნილი ბარათები, რომლითაც შეუძლიათ თავად ისარგებლონ და ამ ბარათების გადაცემა მესამე პირზე გამორიცხულია.
იყო ხოლმე რომ ეს ბარათები ზიანდებოდა, ეკარგებოდათ და ამისთვის არსებობდა გარკვეული სიმბოლური თანხით (5 ლარით) აღდგენა და ჩვენ მივედით ქალაქის მერიასთან ერთად იმ დასკვნამდე რომ ეს თანხა საერთოდ გამოვრიცხოთ და დაზიანებული და დაკარგული ბარათის აღდგენა ასეთი ადამიანებისთვის იქნება სრულიად უფასო.
ჩვენ ვიმსჯელეთ ასევე დედაქალაქში სხვადასხვა ქონების გადაცემის თემებზე, დაკანონების საკითხებზე, ასევე იყო მსჯელობა მთავრობის კოეფიციენტის მატების თემებზე, შემდეგ ეს თანხები ისტორიული უბნების რეაბილიტაციას უკავშირდება და ასევე იცით, რომ დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება,"- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.