28 ნოემბერი 2026,   10:06
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე კარგი მაგალითია, რომ საქმე გვაქვს ჟურნალისტების დევნასთან, ევროპარლამენტში ვხედავთ თავისუფალი მედიის ჩახშობის მცდელობას - შალვა პაპუაშვილი

"ევროპარლამენტში ვხედავთ თავისუფალი მედიის ჩახშობის მცდელობას," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქმე ჟურნალისტების დევნასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. მისი თქმით, იმ ქმედებებისთვის, რაზეც ევროპარლამენტში საუბრობენ, საქართველოში სანქციების დაწესების შემთხვევაში, ვერცერთი ჟურნალისტი ვერ იმუშავებდა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესები და ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი შეფასებით, ევროპარლამენტი "სოვეტიზაციის ფინალურ ეტაპზე" იმყოფება, ხოლო მედიისა და განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულება საბჭოთა მიდგომებს ჰგავს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო დემოკრატიისა და ღირებულებების თვალსაზრისით "რამდენიმე თავით მაღლა დგას" იმ პროცესებზე, რასაც ის ევროპარლამენტში ხედავს.

"მე მგონი, "რუსთავი 2-ის" საქმე კარგი მაგალითია იმისა, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივად ჟურნალისტების დევნასთან, რაც არის სიტყვის ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდი, ამ სურვილისგან არის განპირობებული. მეც ვნახე, სავარაუდოდ რაზეც არის საუბარი, შეეხება ევროპარლამენტარის მარკეტა გრეგოროვას, თუ არ ვცდები, და მგონი ყველამ ნახა ეს კადრები რაც იყო. ამაზე თუ შეიძლება იყოს სანქცია რომელიმე პარლამენტში, საქართველოში ვერცერთი ჟურნალისტი ვერ იმუშავებდა მაშინ. ყველა ჟურნალისტს, რომელი ტელევიზიიდანაც არ უნდა იყოს, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ - ეს თუ არის ევროპული სტანდარტი, რომ ამის გამო ჟურნალისტი დაასანქცირო, მაშინ საქართველოში საერთოდ ჟურნალისტი ვეღარ იქნებოდა. ამიტომ, გასაკვირია, რასაც ვუყურებ საერთოდ, რას გვედავებიან, ვინ გვედავება საერთოდ ამ დროს საქართველოს პარლამენტს, როცა უყურებ ევროპარლამენტის კორუფციას, დევანს ჟურნალისტების, როცა უყურებ მტრულ და ფაშისტურ განცხადებებს ხალხების მიმართ, ამად იქცა დღეს ევროპარლამენტი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით ახლა ევროპარლამენტის სოვეტიზაციის ფინალურ ეტაპს, ამის იქით უკვე საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა არის და მართლაც სასწაული არის სადამდე მიიყვანეს.

სხვათა შორის, ზოგიერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა პოსტსოციალისტურმა ქვეყანამ, მათ შორის ყოფილმა საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა, აქამდე მიიყვანეს - დააბრუნეს, თავის თავი დაიბრუნეს საბჭოთა წარსულში რასა იუკნევიჩიანემ და მსგავსმა საბჭოთა მოქალაქეებმა, რომლებიც თავის დროზე გორბაჩოვის თანამებრძოლნი იყვნენ.

კარგია, თუკი ამას ასაჩივრებთ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება ექნება ევროპარლამენტს, თუმცა კიდევ ერთხელ, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობენ ჩაახშონ თავისუფალი მედია, სულ უფრო მეტად მიჩნდება კითხვა, საერთოდ, რა გვაქვს საერთო ასეთი ღირებულებების პოლიტიკოსებთან და ადამიანებთან, როგორც ქართული ფასეულობები, ისე დემოკრატია, რამდენიმე თავით მაღლა დგას ვიდრე ის, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები