ქართულ ოპოზიციაში დანიაში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტს ეხმაურებიან. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე არ გამორიცხავს დანიელი სამართალდამცველების მხრიდან დანაშაულის ჩადენას, თუმცა, მმართველი გუნდის კრიტიკის საპასუხოდ, დასავლური და ქართული ინსტიტუტების პასუხისმგებლობის სტანდარტებს შორის არსებულ განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას.
"რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა იყო დანაშაული ჩადენილი, პოლიციელის თუ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის მიერ დანიაში, ხალხის წინააღმდეგ. თუმცა მე მჯერა, რომ ასეთი ფაქტები იქნება შეფასებული და დეტალურად გამოძიებული, განსხვავებით "ოცნებისაგან"," - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს კოპენჰაგენში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდნენ აქტივისტები და დააკავეს 20-ზე მეტი პირი. მომხდარზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია ევროკავშირს, ადგილობრივ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.