სახელმწიფო იწყება ოჯახით, იქ, სადაც იბადება პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი. ოჯახი არის ადგილი, სადაც ადამიანი პირველად სწავლობს სიყვარულს, ზრუნვას, პასუხისმგებლობას. სწორედ აქ იყრება ის საძირკველი, რაც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.
ამ იდეამ საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები გააერთიანა, მათ ოჯახის თემაზე ნამუშევრები შექმნეს. თითოეული ნახატი - ბავშვის გულწრფელი ისტორიაა სიყვარულზე, ერთობაზე და იმ სამყაროზე, რომელსაც ის ოჯახში ხედავს.
გლდანი-ნაძალადევში, 181-ე საჯარო სკოლაში, მარიამ მიშელაშვილის ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდება. სამი ერთ სკოლაში სწავლობს, ნაბოლარა მართაც რამდენიმე წელში ამ სკოლას შემოუერთდება. მარიამი ამ პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი ნახატი მარიამის ყოველდღიურობას ასახავს.
წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სკოლის მოსწავლე სოფიკო მენაბდე - შვიდშვილიანი ოჯახის წევრია. ოჯახი, სადაც ხმაური და სიხარული ერთად ცხოვრობს, სადაც ყოველდღიურობა ერთმანეთის გვერდით ყოფნას ნიშნავს. აქ თითოეული დღე ერთ პატარა დღესასწაულს ჰგავს.
დიმიტრი მაჭავარიანი ექვსი შვილის მამაა. მისი მეუღლე კი 13 შვილიანი ოჯახიდანაა, მამა ალექსანდრე ბოლქვაძეს 13 შვილი და 22 შვილიშვილი ჰყავს. ისინი ერთად ქმნიან სამყაროს, სადაც რწმენა და ოჯახი ერთ მთლიანობას წარმოადგენს.
ამ პროექტში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრები საქართველოს პარლამენტში გამოიფინა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ოჯახი ქვეყნის მთავარი საყრდენს წარმოადგენს.
პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხის ინიციატივით განხორციელდა. მსგავსი ინიციატივები დემოგრაფიულ გამოწვევებზე პასუხია, ამ მიმართულებით მომავალშიც არაერთი აქტივობა იგეგმება.
დაბალ შობადობას და ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას უპირველეს პრობლემად მიიჩნევდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მას ეკუთვნის საყოველთაო ნათლობის იდეა, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. ქვეყნის სულიერ წინამძღოლს 50 000-ზე მეტი ნათლული ჰყავდა.