ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნად ემზადებიან ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში.
საკვირაო წირვის შემდეგ სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, საიდანაც გალობითა და მსვლელობით ქალაქის ცენტრალურ ქუჩას მოივლიან და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდიან.
მანამდე კი, აღნიშნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.
მამა მალხაზ ჭანტურიას განცხადებით, ახალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აგრძელებს პატრიარქ ილია მეორის მიერ დაწესებულ ტრადიციას.
"ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს, რომელიც კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. ახალი კათალიკოს პატრიარქი შიო აგრძელებს ამ ტრადიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ერის გაერთიანებისთვის, მთლიანობისთვის, ჩვენი იდენტობისთვის, გადარჩენისთვის.
რა თქმა უნდა, ყოველდღე უნდა გვახსოვდეს ჩვენი სიწმინდე, ოჯახის პატივისცემა უფლის მცნებების ასრულება. დღეს მთელს საქართველოში, იმართება სადღესასწაულო ლიტურგია და ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს 10 ქალაქში, დიდ ქალაქებში, გაიმართება საზეიმო მსვლელობა", - განაცხადა მამა მალხაზ ჭანტურიამ.