05 აგვისტო 2026,   06:02
ვრცლად
ახალი ინფრასტრუქტურა ქართული რაგბისთვის - "აიას" სარაგბო კომპლექსში უმაღლესი დონის მატჩების ჩასატარებლად სამზადისი აქტიურ ფაზაშია

"აიას" სარაგბო კომპლექსში უმაღლესი დონის მატჩების ჩასატარებლად სამზადისი აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, სამივე სტადიონზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ჰიბრიდული საფარი იგება. 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი განახლებულ მოედანზე ჩატარდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2026 წლის ივნისში დაგეგმილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამუშაოებს ერთდროულად რაგბის 3 სპორტულ კომპლექსში - ჯამში 5 მოედანზე ატარებს. სრულად განახლდება ადმინისტრაციული შენობები, ტრიბუნები, გასახდელები და სველი წერტილები. მიზანი მორაგბეებისა და გულშემატკივრებისთვის საერთაშორისო დონის, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სტადიონები უკვე შერჩეულია. ქუთაისის გარდა, ახალი ინფრასტრუქტურა თბილისში - ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე ეწყობა. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ყველა სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი მოეწყობა, რაც მოედნების გამძლეობასა და ხარისხს უზრუნველყოფს.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილი სტადიონების მშენებლობაზე ბრიტანული საერთაშორისო კომპანია მუშაობს. SIS Pitches-ის 25 წლიანი გამოცდილება არაერთ მასშტაბურ პროექტს მოიცავს, მათ შორის წამყვანი ევროპული კლუბების სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების საფარის მოწყობას. ამავე კომპანიამ უკვე მიიღო მონაწილეობა საქართველოში ევროპის ჩემპიონატისთვის 11 საფეხბურთო მოედნის განახლებაშიც.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა კიდევ რაგბის 18 ტექნიკური ცენტრის პროექტირებას და მშენებლობას გეგმავს. 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია. მოეწყობა ტრიბუნები, თანამედროვე გასახდელები და მოედნები.

ახალი ინფრასტრუქტურის გარდა თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია არსებული ბაზების განახლებაც. პროგრამას, რომლის ბიუჯეტიც 100 მილიონს აღემატება, საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები