საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს 30 წლის იუბილე მიულოცა. ღონისძიებაზე ქართული ნოტარიატის ინსტიტუციური ფორმირების იმ ეტაპებზე ისაუბრეს, რომლითაც ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა განისაზღვრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ასევე ნოტარიუსის როლს ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ქართველ ნოტარიუსებს იუბილე მიულოცა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ასევე გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საპატიო ნოტარიუსმა რიხარდ ბოკმა, ასევე უზბეკეთისა და სომხეთის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტებმა.
ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი და ნოტარიუსთა პალატის ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები.
ნოტარიუსთა პალატის იუბილეს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს წარმომადგენლები, ნოტარიუსები, ასევე გერმანიის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და უზბეკეთის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.