28 ნოემბერი 2026,   05:43
ვრცლად
სიტყვის თავისუფლების შირმით, სწორედ სიტყვის თავისუფლებას კრძალავენ - მარიამ ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს უარი ეთქვა აკრედიტაციაზე მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს.

მისი შეფასებით, მოლდოვა აუხსნელი მეთოდით მედიას სიტყვის თავისუფლებას უზღუდავს.

"ეს საქციელი ის მდგომარეობაა, რა მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, გარკვეულმა ევრობიუროკრატებმა ჩააგდეს გაერთიანება. გაერთიანება, რომელსაც უმნიშვნელოვანესი პრინციპი ჰქონდა დემოკრატიულობა, სიტყვის თავისუფლება.
ვხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლების შირმით, ისინი სწორედ სიტყვის თავისუფლებას კრძალავენ, მედიას უშლიან გაშუქებას და თან გაუმართლებელი, სრულიად აუხსნელი მეთოდით," - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.
არაერთი მიმართვის მიუხედავად კიშინიოვი არ განმარტავს თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2", რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია. აკრედიტაციაზე უარი ეთქვა იმედსა და პოსტივისაც.

ავტორი:  ნანა გოგატაძე

დღის ამბები