კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის -"საქართველოს სინფონიეტას" ისტორიული ვიზიტი ბრაზილიის რესპუბლიკაში წარმატებით შედგა.
12 მაისს რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში Sala Cecilia Meireles, კონცერტზე შესრულდა როგორც ქართული, ისე ბრაზილიური მუსიკა, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის მნიშვნელობას. კონცერტს ბრაზილიელი მაესტრო რაფაელ ბაროს კასტრო დირიჟორობდა.
მორიგი მნიშვნელოვანი კონცერტი 13 მაისს, ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიაში გაიმართა თეატრში Poupex. ღონისძიება ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და ადგილობრივი მსმენელის მხრიდან განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა. კონცერტი, გაიმართა საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში და საღამოს საქართველოს ელჩი ბრაზილიაში და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაესტრო რაფაელ ბაროს კასტროს დირიჟორობით შესრულებულმა ქართულმა და ბრაზილიურმა ნაწარმოებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კულტურული კავშირების მნიშვნელობა და ქართული საშემსრულებლო სკოლის უმაღლესი დონე.
ბრაზილიაში დაგეგმილი ყველა გამოსვლა უდიდესი წარმატებით დასრულდა. ქართულმა ორკესტრმა, რომელიც პირველად ეწვია ამ ქვეყანას, შეძლო ბრაზილიელი მსმენელის გულების დაპყრობა და ქართული კულტურის ღირსეულად წარდგენა.
"საქართველოს სინფონიეტა“ ბრაზილიის ტურნეს შემდეგ, აქტიურად ემზადება საგასტროლო ტურნეს შემდეგი ეტაპისთვის - ორკესტრი არგენტინის რესპუბლიკაში მიემგზავრება, სადაც სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში მორიგ კონცერტებს გამართავს.