04 აგვისტო 2026,   09:25
ვრცლად
"გაუგებარი გადაწყვეტილებაა. მასპინძელი სახელმწიფოები ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებენ" - ლევან მახაშვილი მოლდოვის მიერ "რუსთავი 2"-სთვის აკრედიტაციის უარზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს, რომელსაც 14 და 15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია უნდა გაეშუქებინა, აკრედიტაციის გაცემაზე უარი ეთქვა.

მახაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაუგებარია და იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც რადიკალურ ძალებს აქვთ.

"ნამდვილად გაუგებარი გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე. როგორც წესი, მასპინძელი სახელმწიფოები ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებენ, თუ რაღაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი საფრთხეები არ არის.

ეს არის გაგრძელება იგივე პოლიტიკის, რა პოლიტიკაც ჰქონდათ ამ რადიკალურ ძალებს, ნაცვლად დიალოგისა, ნაცვლად ღიაობისა, ნაცვლად გამჭვირვალობისა. ამ ტიპის კარჩაკეტილობა, მათთვის არასასურველი მედიებისთვის კარის დახურვა იმის გამო, რომ რეალური მიზეზი არ აქვთ, რატომაც შეიძლება, რომ განმარტებები გააკეთონ, დუმილიც ალბათ ამით არის ნაკარნახევი. ის რაღაც საუბრები და სწავლება, რომ დემოკრატიაა თურმე კარგი, მედია თავისუფლებაა თურმე კარგი, თავად თავიანი საქმიანობით დაადასტურონ, რომ პატივს სცემენ მედიასაც, მედიის თავისუფლებასაც და დემოკრატისაც", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისათვის, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში მიზეზად ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.

ოფიციალურმა კიშინიოვმა, არც თავიდან და არც მიმართვის შემდეგ არ განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2," რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია, ისევე, როგორც გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

დღის ამბები