უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ფულის გათეთრების საქმეზე, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ანდრეი ერმაკმა შესაბამისი განცხადება კიევში სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, პროცესზე ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილი წარადგინა.
ერმაკს ბრალად ედება დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად დაახლოებით 10 მილიონი დოლარის გათეთრება. სხდომაზე სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდებია, კანონით ამისთვის 72 საათია განსაზღვრული, პროცესი დღეს გაგრძელდება.
პროკურორის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, რადგან მას პროფესიული და სოციალური კავშირები აქვს როგორც ხელისუფლებაში, ისე უკრაინის ფარგლებს გარეთ. ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკისთვის 4 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.