მგრძნობიარე სამხედრო, ბირთვულ და აერონავტიკულ კვლევებში ჩართული 10-ზე მეტი ამერიკელი მეცნიერი, ან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ან უბრალოდ უკვალოდ გაქრა - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია, მათ შორის CNN ავრცელებს. შემთხვევები, რომლებიც ჰოლივუდური თრილერის სცენარივით ვითარდება, მალევე ფართო სპეკულაციების მიზეზიც გახდა.
ოფიციალური დასკვნებით ჯერ არაფერი დადასტურებულა, თუმცა Fox News-ი და New York Post-ი ხაზს უსვამენ, რომ გარდაცვლილი და გაუჩინარებული მეცნიერები მუშაობდნენ კლასიფიცირებულ სამუშაოებზე, მათ შორის, უცხოპლანეტელების/უპილოტო მფრინავი ობიექტების კვლევასა და "ანტიგრავიტაციის" კონცეფციებზე.
საკამათო თეორიების ფართოდ გავრცელების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ დუმილი დაარღვია. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ თანამშრომლობს FBI-თან და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან, რათა ჩაატაროს საქმეების ყოვლისმომცველი მიმოხილვა და დაადგინოს, აქვს თუ არა მეცნიერების გაუჩინარება/გარდაცვალებას კავშირი მათ მიერ წარმოებულ სამუშაოებთან.
"ადმინისტრაცია თანამშრომლობს FBI-თან და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან, რათა გადახედოს გაუჩინარებული ან გარდაცვლილი ამერიკელი მეცნიერების მზარდი რაოდენობის საქმეებს და დაადგინოს, შეიძლება თუ არა რომელიმე შემთხვევა დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან", - იტყობინება Fox News-ი მას შემდეგ, რაც მოწინავე კვლევებთან დაკავშირებული გარდაცვალებისა და გაუჩინარების სიას მე-11 მეცნიერი, ემი ესკრიჯი დაემატა.
ალაბამას შტატის ქალაქ ჰანტსვილში მოღვაწე 34 წლის მკვლევარი ემი ესკრიჯი, 2022 წელს გარდაიცვალა. Fox News Digital-ის ინფორმაციით, მისი საქმე დაკავშირებულია მოწინავე კვლევით სფეროებში სიკვდილიანობისა და გაუჩინარების უფრო ფართო ტენდენციასთან.
ესკრიჯი ეგზოტიკური მეცნიერების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი იყო და მუშაობდა ექსპერიმენტული ძრავის კონცეფციებზე, რასაც ის "ანტიგრავიტაციულ" კვლევას უწოდებდა. მისი სიკვდილი ოფიციალურად თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული, თუმცა საჯაროდ მხოლოდ რამდენიმე დეტალი გამოქვეყნდა. ონლაინ მედიაში და ალტერნატიულ ტექნოლოგიურ წრეებში, სიკდვილის გარემოებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა, მაგრამ ეს მტკიცებები დღემდე დაუდასტურებელი რჩება.
ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა თეორიები გაუჩინარებებისა და სიკვდილიანობის შესახებ, რომლებიც სამი წლის განმავლობაში ხდებოდა, მათ შორის, საუბარია NASA-ს რეაქტიული ძრავის ლაბორატორიასთან და ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიასთან დაკავშირებული რამდენიმე მკვლევარის და სხვა თანამშრომლის გაუჩინარებაზე.
უჩვეულო ფაქტებს, დონალდ ტრამპმა "საკმაოდ სერიოზული სიტუაცია" უწოდა და პირობაც დადო, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
"აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაცია "ინფორმირებულია ჩვენი ლაბორატორიების, ქარხნებისა და ობიექტების თანამშრომლებთან დაკავშირებული ცნობების შესახებ და საკითხს იძიებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც Fox News-ის რეპორტაჟში იყო ციტირებული.
ოფიციალურმა პირებმა არ დაადასტურეს რაიმე კავშირი საქმეებს შორის, თუმცა სიკვდილიანობისა და გაუჩინარების დრომ, საქმიანობის სფერომ და ერთმანეთთან კავშირმა, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
ABC News-ის ცნობით, საჰაერო ძალების პენსიაზე გასული გენერალ-მაიორი, 68 წლის უილიამ მაკკასლენდი, 26 თებერვლიდან არ გამოჩენილა. ეს საქმეც პარალელს ავლებს სხვა მსგავს ინციდენტებთან, რომლებიც მაკკასლენდის საქმიანობასთან დაკავშირებულ პერსონალს ეხებოდა, რამაც გამოიწვია ფართოდ გავრცელებული - თუმცა დაუდასტურებელი - სპეკულაციები და აშშ-ის მედიის რეპორტაჟებში უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიებიც კი.
სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, მაკკასლენდს სამხედრო სამსახურში ყოფნისას ეკავა "კოსმოსური კვლევის, შესყიდვებისა და ოპერაციების რამდენიმე თანამდებობა საჰაერო ძალებსა და ეროვნულ სადაზვერვო ოფისში". მის თანამდებობებს შორის იყო დირექტორის დონის პოზიცია პენტაგონში, ასევე კირტლენდის საჰაერო ძალების ბაზაზე მდებარე კვლევითი ლაბორატორიის, ფილიპსის კვლევითი ცენტრის და ოჰაიოს შტატში მდებარე რაიტ-პატერსონის კვლევითი ლაბორატორიის მეთაურობა.
მაკკასლენდის გაუჩინარებამ ონლაინ სივრცეში მნიშვნელოვანი სპეკულაციები გამოიწვია საიდუმლო სამხედრო პროგრამებთან და უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, რაც განპირობებული იყო მისი წარსული თანამდებობით, როგორც რაიტ-პატერსონის საჰაერო ძალების ბაზაზე საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის მეთაური.
CBS News-ის ცნობით, ის არის მგრძნობიარე ობიექტების ოთხი ამჟამინდელი ან ყოფილი თანამშრომლიდან ერთ-ერთი, რომლებიც ნიუ-მექსიკოში დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიკარგნენ.
New York Post-მა 21 მარტს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში განაცხადა, რომ ამერიკელი რაკეტების მეცნიერი მონიკა რეზა უკვალოდ გაუჩინარდა 2025 წლის 22 ივნისის დილით, ანჯელესის ეროვნულ ტყეში ლაშქრობის დროს. რეპოსრტაჟის ავტორის თქმით, მაკკასლენდი საოცრად მსგავს ვითარებაში გაუჩინარდა - და მათ მჭიდრო პროფესიული კავშირი ჰქონდათ.
New York Post-ის ცნობით, მონიკა რეზა ცნობილი იყო, როგორც მატერიალოლოგი, რომელიც წლების განმავლობაში ფინანსდებოდა NASA-ს და საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის მიერ. მის მიერ დაპატენტებულმა ნიკელზე დაფუძნებულმა სუპერშენადნობმა - Mondaloy-მ, ის მაკკასლენდის ოფისთან მიიყვანა. მაკკასლენდი, რომელიც თავადაც საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა, ხელმძღვანელობდა საჰაერო ძალების იმ ჯგუფს, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში აფინანსებდა კვლევას მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდებისა და იარაღისთვის საჭირო მოწინავე მასალების შესახებ.
მაკკასლენდი საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის კოსმოსური ხომალდების დირექტორატის მატერიალური ფრთის დირექტორი და კირტლენდის საჰაერო ძალების ბაზაზე მდებარე ფილიპსის კვლევითი ცენტრის მეთაური იყო 2001 წლიდან 2004 წლამდე, რაც პირდაპირ კავშირში იქნებოდა რეზას კვლევასთან, მისი საჰაერო ძალების ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით.
სამეცნიერი კვლევითი დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც უცნაურად გაუჩინარდა, 48 წლის სტივენ გარსიაა. ის ბოლოს 2025 წლის 28 აგვისტოს ალბუკერკეში, საკუთარი სახლიდან გამოსვლისას შენიშნეს. გარსია კანზას სიტის ეროვნული უსაფრთხოების კამპუსში ქონების მეურვედ მუშაობდა, რომელიც ბირთვული იარაღისთვის არაბირთვულ კომპონენტებს აწარმოებს. მას ამ ობიექტზე დაშვების უმაღლესი ნებართვა ჰქონდა, რაც ფართო წვდომის საშუალებას აძლევდა.
სხვა დაკარგული, ან გარდაცვლილი მეცნიერები არიან „ნოვარტისის“ ბიოლოგი ჯეისონ ტომასი, ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის თანამშრომლები მელისა კასლასი და ენტონი ჩავესი, NASA-ს კოსმოსური მეცნიერების მრავალ მისიაზე დასაქმებული მაიკლ ჰიქსი, NASA-ს მეცნიერი ფრენკ მაივალდი, MIT-ის წარმომადგენელი ნუნო ლურეირო და Caltech-ის თანამშრომელი კარლ გრილმერი.
აშშ-ს კონგრესის ზოგიერთმა წევრმა უკვე მოითხოვა გაუჩინარების გამოძიების დაწყება. „ამ კონკრეტულ სფეროებში დასაქმებულთა გაუჩინარება/სიკვდილიანობის რიცხვები ძალიან მაღალი ჩანს. ვფიქრობ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განუცხადა Daily Mail-ს ტენესის შტატის წარმომადგენელმა ტიმ ბურჩეტმა, რომელიც კოსმოსური დაზვერვისა და უცხოპლანეტელების ირგვლივ მთავრობის გამჭვირვალობის გაზრდას ითხოვდა.
ბურჩეტი ეჭვობს, რომ მეცნიერ მაკკასლენდის გაუჩინარება მის აერონავტიკულ კვლევას და დასავლეთ ოჰაიოში, რაიტ-პატერსონის კვლევითი ლაბორატორიის ყოფილ მეთაურობას უკავშირდება.