აღსაყდრების ცერემონიიდან გამოსულ ახალ პატრიარქს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში მისი სიყვარულით გაერთიანებული მრევლი დახვდა. მორწმუნეებისთვის შიო III-ეს ინტრონიზაციაზე დასწრება არ იყო მხოლოდ საზეიმო რიტუალი, არამედ ისტორიული პროცესის უშუალო თანამონაწილეობას ნიშნავდა, რაც ყველასთვის განსაკუთრებული პატივია.
კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ეს აღსაყდრების ცერემონიამ მრევლთან ერთად სასულიერო პირებიც გააერთიანა - დღევანდელი დღის ორგანიზებაზე პატრიარქობის კანდიდატთა ჯგუფებიც ერთსულოვნად მუშაობდნენ.
მღვდელმთავრებისთვის სიმბოლურია, რომ სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს დაემთხვა, სწორედ მისი დაარსებულია საქართველოს სამოციქულო ეკლესია, პატრიარქი შიო III კი ამ სამოციქულო ეკლესიის მწყემსმთავარი გახდა.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქის დასრულების შემდეგ, დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ეტაპი დაიწყო. საზეიმო ცერემონიას არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, არამედ სხვა ქვეყნებში მოქმედი ქართული ეპარქიებიდან ჩამოსული დელეგაციებიც ესწრებოდნენ. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დილიდან მივიდნენ და ახალ პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებმაც.
ინტრონიზაცია და აღსაყდრების საზეიმო ცერემონია საეკლესიო კანონიკის სრული დაცვით აღსრულდა: ჩატარდა საღმრთო ლიტურგია. მისი უწმინდესობა შიო მე-3 შემოსეს საკათალიკოსო ბისონით. გადასცეს პატრიარქის მთავარი სიმბოლოები - კვერთხი, მიტრა და პანაღია. ტაძარში სამგზის გაისმა სიტყვა - აქსიოს. ასე გახდა დღეიდან ქართველი ერის ახალი წინამძღოლი პატრიარქი შიო III.