რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
მამუკა მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საფრანგეთის ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას ეხებოდა.
"სამწუხაროა ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომელიც შემდეგ რეზოლუციის სახეს იღებს. ერთი მხრივ ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან აშშ-სთან, მეორე მხრივ კი მონაწილეობას იღებენ პროექტების შექმნაში. რომ გიპასუხოთ, ამას ჩალის ფასი აქვსთქო, ვიღაცები საკრიტიკოდ გახდიან. არა და 10 რეზოლუცია ვნახეთ, კიდევ უფრო მაღალი დონის ტრიბუნიდან და ტრიბუნასთან შექმნილი და ეს რეზოლუციები როგორ გაუფასურდა, იცით. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას მაშინ აქვს ფასი, როდესაც არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
როდესაც რეზოლუციებში საქართველოს დასახელებაც კი, როგორც სახელმწიფოსიც კი არ არის ხოლმე სწორად, ჩვენთან ამას ეძახიან - მიაფუჩეჩეს, იმდენად ასე ერთი ხელის დარტყმით, ხელისმოწერით, ერთი თვალის გადავლებით იქმნება რეზოლუციები, რომ მერე ფასი თავისთავად ეკარგება. იმდენად არასერიოზული და იმდენად არასამართლიანი არგუმენტები დგას ხოლმე საფუძვლად რეზოლუციების უკან, რომ თავადვე აუფასურებს ის არგუმენტაცია და ის “ფაქტები”, რომლებიც მოტანილია რეზოლუციებში. ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გაუფასურდა, უბრალოდ აუფასურებენ “ფაქტები”, რომლებიც მოტანილია ამ რეზოლუციებში მათ საფუძვლად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.