ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მართვა ილია მეორის მიერვე გამორჩეულმა მღვდელმთავარმა გადაიბარა. შიო მესამეს საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის ჩაბარება ჯერ სასულიერო, მალევე კი საერო პირებმა მიულოცეს.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები პირველები იყვნენ, რომლებმაც მისალოცი წერილი გაავრცელეს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და მისი მეუღლის შეფასებით, მაშინ, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა, ისტორიული პასუხისმგებლობა დიდია, ამ პასუხისმგებლობას კი ილია მეორის მემკვიდრეობა კიდევ უფრო ზრდის.
ეროვნულ და სულიერ ცხოვრებაში ისტორიული ფურცლის გადაშლა და უდიდესი მოვლენა - ასე უწოდეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევას. მისალოც განცხადებებში ყურადღება გაამახვილეს ახლად არჩეული პატრიარქის ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოს ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება, რადგან კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომლად დიდი იქნება.
11 მაისი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებისთვის მეუფე შიოს პატრიარქად გამორჩევა საპატიოსთან ერთად მძიმე ჯვრის ტარებაცაა.
ისტორიული მისიის შესრულებაში ახალ პატრიარქს წარმატებას უსურვებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში დარწმუნებული არიან, რომ შიო III ღირსეულად გააგრძელებს დიდ გზას და ეროვნულ ფასეულობებს გააძლიერებს.
ახალ პატრიარქს ისტორიულ მისიაში წარმატება სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც უსურვეს. თქვეს, რომ შიო მესამე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოებრივი თანხმობისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში და საქართველოს ეკლესია მისი ხელმძღვანელობით ეროვნული ერთიანობის საყრდენად დარჩება.