საქართთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ, რომელიც წმინდა სინოდის გაფართოებულ კრებაზე ქართული ეკლესიის წინამძღვრად, დღეს, 22 ხმით აირჩიეს, სამების ტაძრის დატოვების შემდეგ სიონის ტაძარში გადაინაცვლა, სადაც ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"დავლოცოთ ილია მეორის სული და მადლობა ვუთხრათ მისი დიდი ღვაწლისთვის. მან შექმნა, ააშენა თანამედროვე ჩვენი ეკლესიის სულიერი ცხოვრება და დაგვტოვა ჩვენ, როგორც დიდი ოჯახი, როგორც მამა ტოვებს თავის დიდ ოჯახს. დღეს მოვედით, რომ ვთხოვოთ დახმარება და შეწევნა ამ მძიმე მსახურებაში. კრებაზე ვთქვი, რომ, ერთი მხრივ, ვაცნობიერებ, რა დიადი მოწოდებაა ეს და მეორე მხრივ, ვაცნობიერებ საკუთარ უძლურებას და სიმწირეს. მოვედით დღეს მის უწმინდესობასთან და უნეტარესთან, რომ ვთხოვოთ შეწევნა, შეგვეწიოს თავისი ლოცვებით. ასეთი შედარება შეიძლება, მოვიყვანოთ, როდესაც გარდაიცვლება ოჯახში დიდი მამა, რომელმაც დატოვა მრავალშვილიანი ოჯახი, ააშენა ყველაფერი, რისი აშენებაც კი შეიძლებოდა, დარგო ბაღი, გაამშვენა, ყველაფერი გამართა და თავის შვილებს დაუტოვა. შვილების ვალია, ეს ყველაფერი შეინახონ, განავითარონ და ეს გზა გააგრძელონ. ეს არის ჩვენი მთავარი გზა. შეგვეწიოს ამაში მისი უწმინდესობისა და უნეტარესის ლოცვა და მფარველობა", - აღნიშნა საქართველოს ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ მსახურების შემდეგ.