04 აგვისტო 2026,   06:26
ვრცლად
დიდი ფეხბურთელი პატარა ქვეყნიდან - ხვიჩა კვარაცხელიას ევროპული ტრიუმფი

დღეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე ხმამაღლა ხმა პატარა ქვეყნიდან - საქართველოდან ისმის. ეს ხმა ხვიჩა კვარაცხელია ეკუთვნის.

მისი ბოლოდროინდელი ვირტუოზული თამაშის შემდეგ, მსოფლიო მედია, კომენტატორები და მილიონობით გულშემატკივარი სოციალურ ქსელებში ერთხმად წერენ - "კვარა განსხვავებულია."

ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ფეხბურთელი პატარა ქვეყნიდან, რომელმაც შეძლო და ევროპული ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

ხვიჩას თამაშში გულშემატკივარს ყველაზე მეტად ის ემოცია იზიდავს, რომელსაც ფეხბურთელი მოედანზე ქმნის. თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ყველაფერი სქემებსა და სტატისტიკაზეა დამოკიდებული, კვარაცხელია ბევრისთვის მოედანზე იმ ფეხბურთს აბრუნებს, რომელიც თავისუფლებაზე, ფანტაზიასა და ინდივიდუალურ მაგიაზე დგას. ფეხბურთს, რომელსაც ადამიანები უბრალოდ შედეგისთვის კი არა, სიამოვნებისთვის უყურებენ.

ბოლო მატჩების შემდეგ უცხოურ მედიაში ქართველ ფეხბურთელს ასე აფასებენ:

"ის სიხარულით თამაშობს ფეხბურთს"

"ყოველ ჯერზე, როცა ბურთს იღებს, რაღაც სახიფათო ხდება"

"კვარაცხელია მცველებისთვის ნამდვილი ქაოსია"

"ეს ბიჭი წარმოუდგენელია"

"კვარა ფეხბურთს ისევ ლამაზს ხდის"

განსაკუთრებით აქტიურად კვარაცხელიას ფენომენზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც Paris Saint-Germain-ის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში ლიდერის როლი მოირგო. ჟურნალისტები წერენ, რომ კვარა უკვე მხოლოდ პერსპექტიული ფეხბურთელი კი არა, გუნდის მთავარი ფიგურაა, ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაშის ბედი ერთ ეპიზოდში შეცვალოს.

კვარაცხელია ზედიზედ ორი სეზონია ევროპული ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე მთავარ როლშია, გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, წელს ისევ ფინალისტია. დღეს უკვე რთულია ჩემპიონთა ლიგის მატჩები ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური თამაშის გარეშე წარმოიდგინო.

სპორტული მედია აღნიშნავს მის უნიკალურ სტილს - სწრაფ დრიბლინგს, მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, ტექნიკას და იმ იშვიათ უნარს, როცა ფეხბურთელი თითქოს თამაშს გრძნობს. გულშემატკივრები წერენ, რომ ხვიჩას ფეხბურთი ისევ ემოციური და ცოცხალი გახადა.

ფანების რეაქციები განსაკუთრებით ემოციური ბოლო დიდი მატჩების შემდეგ იყო. სოციალურ ქსელებში მისი მოძრაობები, ფინტები და გოლები წამებში ვრცელდებოდა ვირუსულად.

ანალიტიკოსები კვარაცხელიას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შემტევ ფეხბურთელად მიიჩნევენ; ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ თამაში რთულია, რადგან წინასწარ ვერავინ ხვდება, რას გააკეთებს შემდეგ წამში - და სწორედ ეს არაპროგნოზირებადობა ხდის მის თამაშს განსაკუთრებულს.

სპორტული მედია წერს, რომ კვარაცხელიამ ევროპაში ქართული ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულებაც შეცვალა. ევროპული კლუბები ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, მათ შორის ხვიჩას ძმას, თორნიკე კვარაცხელიას - აქტიურად აკვირდებიან.

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ყოველი მატჩი უკვე არა მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ ემოციური სანახაობაა. მისი ყოველი შეხება ბურთთან განსაკუთრებულ მოლოდინს ქმნის - ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც გამორჩეული მოხდეს. სწორედ ამიტომ ბევრი გულშემატკივარი ამბობს, რომ კვარაცხელია უბრალოდ კარგი ფეხბურთელი არ არის - ის მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია.

ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე 10 გოლი და 6 ასისტია, ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ჩემპიონთა ლიგაზე ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება ჩაიწერა.

დღის ამბები