4 მაისი, ერევანი - სომხეთის დედაქალაქში ევროპის პოლიტიკური ელიტა იკრიბება. 48 ქვეყნის ლიდერი მსჯელობს, როგორ გახდეს კონტინენტი უფრო უსაფრთხო. ევროპის უსაფრთხოება, სტაბილურობა და ამისთვის აუცილებელი დაკავშირებადობა მთავარი თემაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს გამოსვლებსა და ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებისას.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, შუა დერეფანში და ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე.
ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაშიც. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, განსაკუთრებული გამოწვევები აქვს ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 87%-ით გაიზარდა, გამოვლინდა საერთაშორისო ნარკოტრეფიკის 144 შემთხვევა.
სამიტის ფარგლებში, 5-წლიანი პაუზის შემდეგ, შედგა საქართველოსა და უკრაინის პირველი პირების პირველი კონტაქტი. ინიციატორი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. მან ყველა სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ საქართველოს პრემიერთან დიალოგის გაგრძელება სურს, ირაკლი კობახიძემ კი შეხვედრას პრაგმატული და საქმიანი უწოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრას სომხეთში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ. მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიი სიბიჰას შორის სამიტის დასრულების შემდეგ სატელეფონო საუბარიც შედგა, რომლის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა იყო.
სამიტზე ბევრს საუბრობდნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზეც - ოფიციალურმა ბაქომ ოფიციალური ერევნის მიერ ორგანიზებულ სამიტში პირველად, თუმცა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პრაქტიკულ სარგებელს ორივე სახელმწიფოს მეთაური აღნიშნავს.
წლევანდელ სამიტს პირველად ესწრებოდა სხვა კონტინენტის ქვეყნის წარმომადგენელი. კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო-ს გენერალური მდივანი.
ევროპის სამიტის მთავარი სტუმარი თავად სამიტის დაარსების ინიციატორი - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო. ეს ფორმატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა. ემანუელ მაკრონი ერევანში ერთი დღით ადრე ჩავიდა და სომხეთის დედაქალაქის ქუჩებშიც ისეირნა - ეს უკვე შეფასდა ნიკოლ ფაშინიანის მხარდაჭერად, რადგან ერთ თვეში სომხეთში არჩევნები იმართება. თავად მაკრონს ნიკოლ ფაშინიანისთვის მხარი ღიად არ დაუჭერია და მხოლოდ ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობდა.
"მომავლის მშენებლობა - ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" - ასე დასრულდა ამ დევიზით გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-8 სამიტი ერევანში.