"მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, სამწუხაროდ, საქართველოში საკუთარი გავლენების განხორციელებას ბინძური მეთოდებით ცდილობს.
"სამწუხაროდ, ისინი, ვინც ჩვენ მეგობრად მივიღეთ და ჩვენს ოჯახში შემოვუშვით, აღმოჩნდა, რომ ხელებს აფათურებენ არამხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტებითა და გავლენებით, არამედ პირდაპირ სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებით, უკანონო ფულის ხარჯვით. ფაქტობრივად, ჩვენს მეგობრობას უპასუხეს ზურგში დანის ჩარტყმით. ამას აკეთებს ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა. უნდა გამოვიდეთ იმ ფანტაზიებიდან, რომ ვიღაცა ჩვენთვის თავს იკლავს და ჩვენზეა გადაყოლილი. ყველა მოქმედებს საკუთარი პრაგმატული ინტერესებით, საკუთარი პოლიტიკური გავლენების განსახორციელებლად საქართველოში. ამისთვის იყენებს ყველა ბინძურ მეთოდებსაც, როგორიც არის მოქალაქეების გადაბირება და ა.შ. ამიტომ, შესაბამისი რეაგირება იქნება. საქართველოს დღეს გააჩნია ყველანაირი ტექნიკური და ადამიანური რესურსი, რომ ყველა ეს შემთხვევა გამოვლინდეს. მამუკა მდინარაძის კომენტარიდანაც ჩანდა, რომ არის სხვა შემთხვევები, რომელზეც მიდის დაკვირვება და ამ მხრივ, არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დარჩება შეუმჩნევლად საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.