28 ნოემბერი 2026,   03:29
ვრცლად
4 ოქტომბრის ძალადობა, 25 დაშავებული პოლიციელი, გადატრიალების მცდელობა არის სრულად, ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი

"4 ოქტომბრის ძალადობა, 25 დაშავებული პოლიციელი, გადატრიალების მცდელობა არის სრულად, ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა." - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დამდგარ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრეს სპიკერის პირდაპირი მხარდაჭერა წინასწარ დაანონსებულ ძალადობის მიმართ. 

"რეალურად, ეს არის მცდელობა დაიფაროს ის პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ბრიუსელმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ. 4 ოქტომბერი არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, 4 ოქტომბრამდე მიმავალ გზაზე ჩვენ არა ერთხელ ვაფრთხილებდით ყველა იმ უცხოელს, ელჩი იქნება თუ პოლიტიკოსი, რომელიც დადიოდა სალომე ზურაბიშვილთან და პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე, ფოტოებს იღებდა მასთან. ამით აქეზებდა სალომე ზურაბიშვილს და მის პოლიტიკურ ალიანსში მყოფ ადამიანებს, რომ ცრუ პრეზიდენტობა არ დაეთმოთ.

შემდეგ, ვიხილეთ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ევროკომისიის პრეს სპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა წინასწარ დაანონსებულ ძალადობას, ნეპალის სცენარს, რომელიც ჩვენ დაგვიანონსეს 4 ოქტომბერს, ევროკომისიამ დაუჭირა მხარი.
თავად 4 ოქტომბერს, ძალადობის მიმდინარეობისას, მაშინ, როდესაც შტურმი მიდიოდა პრეზიდენტის სასახლეზე, ბრიუსელიდან გაისმა მხარდამჭერი ხმები. ამიტომ, 4 ოქტომბრის ძალადობა, 25 დაშავებული პოლიციელი, გადატრიალების მცდელობა არის სრულად, ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ახლა ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც ასევე დაფინანსებულია იმ უცხოელებისგან, რომლებიც 4 ოქტომბერს გვიგეგმავდნენ და მცდელობა, რომ ის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებას აპირებდა, გაამართლონ და რამენაირად კამპანია შექმნან მათთვის უცხოეთში. საქართველოში ვერაფერს დააჯერებენ, მაგრამ პლაკატები უნდა გააკრან ევროპარლამენტში და თქვან, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელები გმირები არიან, ის ვინც სამოქალაქო ომის ინსპირაციას აწყობს, სისხლისღვრა უნდა, ნეპალი უნდა, ხალხის ხეზე ჩამოკიდება უნდა, ადამიანის დახრჩობა და დატყვევება უნდა, ეს ადამიანები არიან გმირები.

ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რომელსაც ახლა მიაქანებს და მე ვნახე ესტონური ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბანერი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიანო. მე მინდა საქართველომ კარგად იცოდეს, რომ ყველა ვინც ამ ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობას აფინანსებს, არის საქართველოს მტერი. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, უნდა ჩავეძიოთ, ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და გავიგებთ, ვინ არის საქართველოს მტერი. როდესაც 90-იანი წლების დაბრუნების სცენარის გამართლებას ვინც ცდილობს და ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი და სხვა არაფერი. ოფისი ვნახეთ, სადაც არის დარეგისტრირებული ეს ორგანიზაცია და ვნახავთ ცოტა ხანში, ვისი ფული იხარჯება საქართველოში სისხლისღვრის ინსპირაციისთვის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები