ოპოზიციურ ალიანში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად უთანხმოების მიზეზი პარლამენტის ბოიკოტის საკითხი გახდა. "ახალის" ლიდერი კოლეგა პარტიებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმას მას აბრალებენ. გვარამია ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზეც საუბრობს, "ქართულ ოცნებაში" კი ოპოზიციური ალიანსის უპერსპექტივობაზე აკეთებენ აქცენტს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას ხალხის ნულოვანი მხარდაჭერა აქვს.
"მათი პატრონები უნდა დაფიქრდნენ, რომ ტყუილად ხარჯავენ ფულს, ეს არ არის ის ერთობა, რომელსაც შეუძლია რადიკალური გარდატეხა შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში. მათ ხალხის ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ, სადაც ხალხის მხარდაჭერა ნულოვანი გაქვს, პერსპექტივაც ნულოვანია, როგორც არჩევნებში, ასევე - ქუჩის პროცესების განვითარების მცდელობაშიც.
ასე ხელოვნურად შეაკოწიწეს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ღრმა თემებზე საერთოდ არ ვსაუბრობ.
ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ ხალხის, რატომ უნდა გჯეროდეს, რომ ისინი რამეს გააკეთებენ? - ნუ, გააგრძელონ, კი ბატონო, ამ ილუზიით ცხოვრება,"- აცხადებს შარმანაშვილი.