გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩის, მაიკ უოლცის განცხადებით, ირანის მცდელობა, აიძულოს გადამზიდავები, დაიცვან ჰორმუზის სრუტის ტრანზიტის ახალი პროტოკოლი, გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.
"ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ რეჟიმმა შექმნა ე.წ. სპარსეთის ყურის სრუტის ორგანო, სადაც ის ცდილობს მოითხოვოს, რომ საერთაშორისო, კომერციული და სამოქალაქო გადაზიდვების ყველა გემის კაპიტანმა, ფაქტობრივად, უნდა გაიაროს რეგისტრაცია, გადაიხადოს ქრთამი ამ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოსაყენებლად. ეს მხოლოდ ამ რეგიონს არ ეხება. ეს მთელ მსოფლიოზე მოქმედებს, - განაცხადა უოლცმა.
აშშ-ის წარმომადგენელმა ეს კომენტარები გააკეთა პრესკონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს აშშ ბაჰრეინთან, საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ქუვეითთან და კატართან ერთად.
CNN-ის ცნობით, რეზოლუცია ირანისგან მოითხოვს სრუტეში თავდასხმების, დანაღმვისა და გადასახადების დაწესების შეწყვეტას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი არის რეალური გამოცდა გაეროსთვის.
რეზოლუციის საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტიერეშს, გაეროს წევრ ქვეყნებსა და სხვებს და პროექტს "ცალმხრივი და არასრული" უწოდა.
"ამ ტექსტში არ არის ნახსენები ჰორმუზის სრუტეში შექმნილი დღევანდელი ვითარების გამომწვევი ძირეული მიზეზი - კერძოდ, აშშ-ისა და ისრაელის რეჟიმის მხრიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია და ძალის უკანონო გამოყენება," - წერს არაღჩი წერილში, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა.