03 აგვისტო 2026,   02:15
ვრცლად
დაკავება ძალადობის ფაქტებზე - სამ გახმაურებულ შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება საგამოძიებო უწყებამ შეძლო

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული სამძებრო და ოპერატიული სამუშაოების შედეგი საზოგადოებას, დღეს, გენერალურმა პროკურორმა თავად გააცნო. სამ გახმაურებულ შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება საგამოძიებო უწყებამ შეძლო. 2024 წლის ნოემბრის აქციების დროს ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად მაისაშვილის ცემის ფაქტზე გდდ-ს იმჟამინდელი ოთხი თანამშრომელი დააკავეს, რომელთაგანაც ერთი ამ დრომდე დაცვის პოლიციაში, მეორე კი სუს-ის სპეცრაზმის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელად მუშაობდა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დაკავებულია გურამ როგავას ცემისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით. გენპროკურორის განმარტებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 333-ე მუხლთან ერთად 154-ე მუხლითაც მიმდინარეობს.

პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. მამუკა მდინარაძე მაშინვე ამბობდე რომ იმ ფონზე როდესაც ძალოვანი უწყებები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდ საქმეს აკეთებენ, აუცილებელია ეს პროცესი ერთეულმა გადაცდომებმა არ დააზიანოს.

სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდში. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი ნებისმიერ დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას ითვალისწინებს. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძის დაწინაურებით კი ეს პროცესი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს.

პროკურატურის მიერ დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოქმედ და ყოფილ 5 თანამშრომელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო უწყება სხვა საქმეების აქტიურ მოკვლევას განაგრძობს.

დღის ამბები