04 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ღირსეულად მიმდინარეობდა სინოდი, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებასთან დაკავშირებით ისაუბრა, მისი განცხადებით სწორედ დღეს გამართულ შეხვედრაზე განსაზღვრეს მღვდელმთავრებმა კრების თარიღი, რომელიც 11 მარტს 13:00 ჩაინიშნა :

"დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი. ასევე პროცედურული საკითხები ამოეწურათ ისე, რომ  გაფართოებული სხდომის დროს სხვა საკითხები განსასჯელად აღარ დარჩეს, არამედ ერთ, მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქის არჩევნებს მიეძღვნას ეს კრება.

ამიტომ, მრავალ საკითხზე - პროცედურულად რის მერე რა უნდა შესრულდეს ისე, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად იყოს განსაზღვრული საჭირო იყო თათბირი და დღეს სწორედ ამას მიეძღვნა ეპისკოპოსების შეხვედრა. დელეგატებზეც იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლებს, ანუ თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს ექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდეს. ზოგადად, მათი უფლება არ იზღუდება, თუმცა მღვდელმთავრები ასე თანხმდებიან, რომ ასე სჯობს, რადგან ძალიან ბევრი წარმომადგენელია და თავისუფალი არჩევნის შემთხვევაში, შესაძლოა, სხდომა ძალიან გაგრძელდეს.

სამი კანდიდატიდან თუ რომელიმე მიიღებს 50 პროცენტზე მეტ ხმას, ანუ 20 ხმას, მეორე ტური აღარ გაიმართება.

თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ კენჭისყრა ორი უპირატესიდან იქნება და 39 ეპისკოპოსი ამ ორს შორის ამოირჩევს,"- აღნიშნა ჯაღმაიძემ

კითხვაზე, გაფართოებულ კრებაზე იქნება თუ არა საჯარო კანდიდატების გამოსვლები და დელეგატების მიმართვები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერი არ იქნება, თუმცა გავრცელდება ჩანაწერი.

"პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი განისაზღვრება არჩევნების შემდეგ, რადგან თარიღი უკვე არჩეულმა პატრიარქმა უნდა დაადგინოს,"- აცხადებს ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბოლო პერიოდში კანდიდატებთან დაკავშირებით ბრალდებების შესახებაც ისაუბრა:

"ზოგადად, ვფიქრობ, საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მოყოლილ რაღაც დაპირისპირებებს. სინოდში ასეთი რამ არ ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ იყო არაკორექტული გამოსვლები და ემოციური კომენტარებიც, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ, როგორც აქამდე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი ღირსეულად მიმდინარეობდა სინოდი, სხვა პროცესიები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მთავარი, მათი სულისკვეთება. ასე რომ, მცდელობები, წარმოაჩინონ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება, არარეალურია,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება სადაც პატრიარქს აირჩევენ 11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

დღის ამბები