4 ოქტომბრის საქმეზე დღეს სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის განაჩენი გამოცხადდება. სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე ხუთი საათია მიმდინარეობს.
პროცესზე დაცვის მხარე და ბრალდებულები დასკვნით სიტყვას ამბობენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმე რადიკალური ოპოზიციისთვის შავი ლაქაა.
"4 ოქტომბრის საქმე ეს არის შავი ლაქა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ისტორიაში, ეს არის წარმოუდგენლად დიდი მარცხი მათ ბოროტულ გეგმებში და რაც მთავარია ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, როდესაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზად ხარ გადატრიალებაზე წახვიდე და შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში.
ამავდროულად ამ ყველაფერს წინ უძღოდეს ის განცხადებები, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, თუმცა საბოლოო დასკვნას მაინც სასამართლო აკეთებს,"- აცხადებს ნინო წილოსანი.