ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იყო აშხაბადში გამართული საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის მთავარი თემა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი თანათავმჯდომარეობდა. ქართულმა მხარემ ყურადღება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები - აშხაბადში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა. თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საგარეო ვაჭრობის ზრდა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზეც.
საუბარი შეეხო საქართველოს პორტებთან ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საზღვაო სფეროში ციფრული თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ქართული დელეგაციის ვიზიტი აშხაბადში დღეს დაიწყო. აეროპორტში მათ თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე დახვდა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.