ფედერალურმა მოსამართლემ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი წერილია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"ნამდვილი სიამოვნებაა, როდესაც დამშვიდობებისთვის დროის არჩევა შეგიძლია", - აღნიშნულია ჩანაწერში.
სააგენტოს ინფორმაციით, ხელით დაწერილი წერილი, როგორც ამბობენ, მისმა ყოფილმა თანასაკნელმა, მკვლელობაში მსჯავრდადებულმა და ყოფილმა პოლიციელმა ნიკოლას ტარტალიონემ აღმოაჩინა. ფედერალურმა მოსამართლემ, კენეტ კარასმა, რომელიც ტარტალიონეს საქმეს იხილავდა, წერილი The New York Times-ის მოთხოვნის შემდეგ გამოაქვეყნა, რომელმაც მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გაავრცელა.
კარასმა დაადგინა, რომ ჩანაწერი საჯაროდ ხელმისაწვდომ სასამართლო დოკუმენტად კვალიფიცირდებოდა, რადგან ის ტარტალიონეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იყო წარდგენილი. ტარტალიონე ნარკოტიკებთან დაკავშირებული მკვლელობებისთვის ზედიზედ ოთხ სამუდამო პატიმრობას იხდის.
მედიის ცნობით, მოსამართლემ ვერ აღმოაჩინა დოკუმენტის გასაიდუმლოებულად შენახვის სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, მან ასევე ვერ დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა.
ცნობისთვის, ეპშტეინი, სექსტრეფიკინგში ბრალდებული ფინანსისტია. ის 2019 წლის აგვისტოში, მანჰეტენის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალება თვითმკვლელობად შეფასდა.