18 ივნისი 2026,   10:13
ვრცლად
მიგრაციამ ევროპა ტერორიზმის "ინკუბატორად" აქცია - აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ კონტრტერორიზმის ახალი სტრატეგია წარადგინა, სადაც ტრამპის გუნდი ევროპას მასობრივი მიგრაციით გამოწვეული ტერორიზმის "ინკუბატორობაში" ადანაშაულებს.

ანგარიშის ყველაზე მკაცრი ნაწილი სწორედ ევროპას ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკის ფონზე, კონტინენტზე ტერორიზმი "გარანტირებულია".

"ყველასთვის ნათელია, რომ კარგად ორგანიზებული მტრული ჯგუფები ბოროტად იყენებენ ღია საზღვრებსა და გლობალისტურ იდეალებს.
რაც უფრო იზრდება ეს უცხო კულტურები და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ევროპის ამჟამინდელი პოლიტიკა, მით უფრო გარანტირებულია ტერორიზმი," - ნათქვამია სტრატეგიაში.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც კონტრტერორიზმის კოორდინატორმა სებასტიან გორკამ მოამზადა, ნათქვამია, რომ ევროპა დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს და შეაჩეროს საკუთარი თავის "ნებაყოფლობითი დაღუპვა".

დოკუმენტში ნახსენებია, რომ მსოფლიო უსაფრთხოა მაშინ, როდესაც ევროპა ძლიერია - ამჟამად კი ევროპა საფრთხის წინაშეა და ის ერთდროულად არის ტერორის სამიზნეც და ინკუბატორიც. 

ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების წინა სტრატეგიაშიც აღნიშნული იყო, რომ, კონტინენტს იმიგრაციის გამო, "ცივილიზაციური გაქრობა" ემუქრებოდა.

სებასტიან გორკას განცხადებით, ვაშინგტონი მოკავშირეებთან თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ისინი საფრთხეებზე ამერიკულ ხედვას გაიზიარებენ: "ჩვენ თქვენს სერიოზულობას იმით შევაფასებთ, თუ რას დადებთ მაგიდაზე".

ანგარიშის მიხედვით, მიუღებელია, რომ ნატოს მდიდარი მოკავშირეები ტერორისტების ფინანსურ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ჰაბებად მსახურობდნენ. სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ ევროპამ დაუყოვნებლივ უნდა გაზარდოს კონტრტერორისტული ძალისხმევა და საკუთარ თავზე აიღოს უსაფრთხოების ტვირთის მეტი წილი.

ტრამპის ადმინისტრაციის ანგარიში არის ერთგვარი ულტიმატუმი - ან ევროპა "გაიღვიძებს" და დახურავს საზღვრებს ან ამერიკა მაქსიმალურად შეამცირებს მის მხარდაჭერას.

სტრატეგიაში ცალკე ადგილი ეთმობა "მემარცხენე ექსტრემისტებს, ანარქისტებსა და ანტიფაშისტებს".

დოკუმენტის თანახმად, აშშ პრიორიტეტად მიიჩნევს იმ პოლიტიკური ჯგუფების ნეიტრალიზაციას, რომელთა იდეოლოგია ანტიამერიკული, რადიკალურად პრო-ტრანსგენდერული, ანარქისტულია.

ამასთან, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა გენდერული მრავალფეროვნების აღიარება - ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

სტრატეგიული დოკუმენტი ამერიკის კონტინენტზე მოქმედ ნარკოკარტელებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში აყენებს და მათ განადგურებას პრიორიტეტულ მიზნად აცხადებს.







 

დღის ამბები