02 აგვისტო 2026,   16:53
ვრცლად
უვადო თავისუფლების აღკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის - გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა ბიზნესმენის ლიკვიდაციისთვის 5 მილიონი მიიღო

მოკლული ბიზნესმენის ახლობლები მოსამართლის განაჩენით კმაყოფილები არიან. ლევან ჯანგველაძის ნათესავები და გარემოცვის წევრები, სასამართლოს ვერდიქტის მოსასმენად ადგილზე დღეს დილიდან შეიკრიბნენ. მოსალოდნელი ექსცესების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაც იყო.

განსასჯელის სკამზე მჯდომმა გიორგი მიქაძემ მრავალთვიანი დუმილი სასამართლოს დასკვნით ეტაპზე დაარღვია. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე წუთით ადრე მოსამართლეს საკუთარ უდანაშაულობაში არწმუნებდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გიორგი მიქაძეს სასამართლო დარბაზში, მის ძმას, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს კი, ვერდიქტი დაუსწრებლად შეუფარდეს. შეკვეთილი მკვლელობისთვის სამივეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ საქმეში ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, რის გამოც საქმის გასაჩივრებას ზედა ინსტანციებში აპირებენ.

პროკურატურა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაზე საუბრობს. სასამართლოში დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ვიდეოჩანაწერები, ინტერნეტტრაფიკის მონაცემები და საიდუმლო პატაკი. მოსამართლემ განმარტა, რომ სამხილები სამართლებრივ ფაზლს სრულყოფილად კრავს და ბრალდებულების დანაშაულს ცალსახად ადასტურებს. დადგინდა, რომ გიორგი და დავით მიქაძეებმა, ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან და გიორგი ჯოხაძესთან ერთად დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მათ ჯანგველაძესთან ბიზნესთან დაკავშირებული დავა ჰქონდათ.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ანგარებაა. პროკურატურამ დაასახელა თანხაც, რომელიც დამკვეთებმა მკვლელობისთვის გადაიხადეს. საქმეში არსებული საიდუმლო პატაკით ცნობილი ხდება, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა ბიზნესმენის ლიკვიდაციისთვის 5 მილიონი ირაკლი უსოიანისგან მიიღო, რომელსაც, თავის მხრივ, ჯანგველაძესთან მრავალწლიანი კონფლიქტი აკავშირებდა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის უშუალო შემსრულებელ გელა უძილაურს ამავე საქმეზე უკვე მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა. საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც ძმებ მიქაძეებთან და გიორგი ჯოხაძესთან ერთად ბრალი ანგარებით შეკვეთილ მკვლელობაში ედება. ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, გასული წლის 14 მარტს მოკლეს.

დღის ამბები