03 აგვისტო 2026,   18:26
ვრცლად
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ პროცესზე დამარცხდა მართლმსაჯულება" - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების ადვოკატი

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე, გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე კი ძებნაში იმყოფებიან.

როგორც გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ აღნიშნა, საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი, რომლის საფუძველზეც გამოიტანა განაჩენი მოსამართლემ.

"საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი.
სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, პატაკი ვერასდროს ვერ უნდა ხდებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ბატონმა მოსამართლემ ბრძანა, რომ ამ საქმეში თითქოსდა ფაზლი შეკრა პროკურატურამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ოღონდ ყველა ამ ფაზლის დეტალს რომიკო გოგიაშვილის პატაკი ეწერა ზემოდან.
თუ ერთი პატაკი კრავს ფაზლს, მაშინ, კი ბატონო, დღევანდელ პროცესზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამარცხდა მართლმსაჯულება, იმიტომ, რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევით," - განაცხადა ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ.

ამასთან, ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში, ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

დღის ამბები