05 აგვისტო 2026,   17:06
ვრცლად
საქართველო-უკრაინის ურთიერთობა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ორი ქვეყნის ურთიერთობა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული

პრემიერ-მინისტრმა, უკრაინის უმაღლეს თანამდებობის პირებთან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, შეხვედრა დღეს კიდევ ერთხელ შეაფასა. გაიხსენა, რომ ამ დრომდე უკრაინა უმაღლეს თანამდებობაზე ასაქმებს საქართველოში ძებნილ ზურაბ ადეიშვილს. ქვეყანამ დაუსაბუთებელი სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფაქტობრივად გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ელჩს ომის დროს კიევი არცერთი წუთით დაუტოვებია. მიუხედავად ყველაფრისა, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო რჩება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარული. ურთიერთობების განახლება კი მხოლოდ ოფიციალური კიევის მიდგომების ცვლილებაზეა დამოკიდებული.

საკუთარი ინიციატივით ერევანში გამართულ შეხვედრაზე მოკლე კომენტარი, უკრაინულ ტელევიზიასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა.

საქართველოში დესტაბილიზაციის მსურველთა მხარდაჭერა, მოწოდებები ომისკენ, ელჩის გაწვევა, მუდმივი კრიტიკა და სანქციები ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ - ეს იმ არამეგობრული ჟესტების არასრული სიაა, რომელიც პარლამენტის სპიკერმა დღეს უკრაინულ მხარეს შეახსენა. პაპუაშვილმა, ისაუბრა იმ რეზოლუციებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა კიევს ყველა შესაძლო პლატფორმაზე აღმოუჩინა და წლებია უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ურთიერთობას განაგრძობს.

ზელენსკი-კობახიძის შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი ვერსიები აქვთ ოპოზიციის ნაწილს და მათ მხარდამჭერებს. "ნაცმოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ლიდერებს შორის საუბრის თემა მსჯავრდებული სააკაშვილის განთავისუფლება იყო. ნაწილმა დღეს ზელენსკი რბილი ტონისთვისაც გააკრიტიკა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დრონებით დამუქრება ურჩია.

ოპონენტების ძალადობრივი და ანტისახელმწიფოებრივი სურვილები მმართველ გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი იდეური მოკავშირეები, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველოში სწორედ ძალადობრივი სცენარებით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას, რაშიც მხარდაჭერას სწორედ უკრაინული მხარე უცხადებდა. სწორედ, მიდგომების შეცვლა და პოლიტიკური პრიორიტეტების გადაფასება - სახელისუფლებო გუნდისთვის, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაჯანსაღების მთავარი წინაპირობა იქნება.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ერევანში ევროპული გაერთიანების სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. 5 წლიანი პაუზის და საქართველოს ხელისუფლებაზე ღია თავდასხმების შემდეგ, საუბრის სურვილი თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოთქვა.

 

დღის ამბები