საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და საქართველო მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა მაქსიმალურად აღდეს.
კობახიძის განმარტებით, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს, რომელიც ახლა ურთულეს მდგომარეობაშია.
"რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია. აქედან გამომდინარე, მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება გადაიდგას. ბუნებრივია, ჩვენ ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც დღეს ურთულეს მდგომარეობაშია, ომის მდგომარეობაშია, ურთულესი ეკონომიკური და სოციალური პირობები. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს, დანარჩენი ვნახოთ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონცენტრირებულები იყვნენ მეგობრულს საუბარზე, თუმცა პრობლემები არსად წასულა.
"რაც შეეხება გუშინდელ საუბარს, აქ დეტალებს მე ვერ ვიტყვი. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია რჩება, არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენ, გუშინ არსებითად კონცენტრირებულები ვიყავით მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო მნიშვნელოვანი. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის, პრობლემებთან დაკავშირებით. პრობლემები რაც იყო არსად წასულა, უბრალოდ ჩვენ მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ზელენსკის შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარსულში მას ზელენსკიზე ნეგატიური განცხადება არასდროს გაუკეთებია, რადგან ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის ომის მდგომარეობაში და უკრაინა საქართველოს მეგობარია.
"მე პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც იყო დაგროვილი, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს, კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.